საბა ხარებაშვილი: „მთელი ბავშვობა ამ მომენტზე ვოცნებობდი“

0
9

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა საბა ხარებაშვილმა, რომელსაც დებიუტი ფარერებთან (1:0) ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, განაცხადა, რომ მთელი ბავშვობა ამ მომენტზე ოცნებობდა.
საბა ხარებაშვილი: „მთელი ბავშვობა, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ამ მომენტზე ვოცნებობდი და როცა მოედანზე შევედი, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აქამდე გვერდში მედგა. სტადიონზე სასწაული ატმოსფერო იყო და მადლობა გულშემატკივარს. ამაზე მაგარი ემოცია ალბათ ჩემს კარიერაში არ მექნება, რადგან როცა ნაკრებში დებიუტი გაქვს, წარმოუდგენელი შეგრძნებაა.
ლორია ქართული ფეხბურთის ლეგენდაა, ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან და გველესიანთან ერთად თამაში მომიწია. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ლორიას წარმატებას ვუსურვებ, მას ეროვნული ნაკრებისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. მადლობა, რომ ასეთი კარგი პიროვნებაა და მისგან ყოველთვის მაგალითს ვიღებდი, მათ შორის, „დინამოშიც“, სადაც ცოტა ხანი ერთად ვითამაშეთ. ეს არაფერია, უნდა გავაგრძელო შრომა, უნდა დავიმკვიდრო ნაკრებში თავი. ყოველთვის ვეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და კიდევ მოვხვდე ნაკრებში“.
ხარებაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩვენ ეროვნულ გუნდში უთამაშია. ის დებიუტის მომენტში 16 წლის, 9 თვის და 2 დღის იყო. მან ლევან ყენიას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც დებიუტი 16 წლის, 10 თვის და 21 დღის ასაკში ჰქონდა.