რამაზ სვანაძის განცხადებით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაცვაში აუცილებლად მომატება და კონცენტრაცია დაჭირდება. მან ამის შესახებ ავსტრიულ შეკრებაზე რუმინეთთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: „მძიმე თამაში გამოვიდა. დავმარცხდით და ბუნებრივია, ამიტომ, კმაყოფილი არავინაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მნიშვნელოვანი იყო, ორი რამ: ყველა ფეხბურთელი გვენახა საქმეში და პირველ ყოვლისა, ტრავმები აგვერიდება თავიდან. განსაკუთრებით, ეს ბოლო დღის შემდეგ ძალიან გვაშფოთებდა. ფეხბურთელების ნაწილისთვის დიდი ხნის შემდეგ პირველი თამაში იყო. უმეტესობისთვის 2-3 კვირის წინ სეზონი დასრულდა და მინდა, ამით ავხსნა მათი მოქმედებები მოედანზე, რადგან გვაკლდა ის აგრესია და სისწრაფე, რითაც ყოველთვის გამოვირჩეოდით. ერთი კვირა გვაქვს მოსამზადებლად ევროპის ჩემპიონატისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრად კარგად იქნება მდგომარეობა, ვიდრე დღეს იყო.
საერთო ჯამში კარგი სპარინგი გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი მივიღეთ. აუცილებლად დაგვჭირდება განსაკუთრებით, დაცვით ფაზაში მომატება და კონცენტრაცია, რადგან ბოლო მომენტში რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. არ არის მარტივი გადაწყობა, დრო ცოტაა, მაგრამ უნდა შევძლოთ, რომ პოლონეთთან მატჩს მზადყოფნაში შევხვდეთ“.
საქართველოს ნაკრები სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პირველ თამაშს 11 ივნისს პოლონეთთან ჩაატარებს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო 17 ივნისს – პორტიგალიას.
ლაშა თაბაგარი
