ლევან კობიაშვილი: “მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ”

0
15

4 ივნისს, თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში სფფ-ის XXXV რიგითი ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარსდგა.
ყრილობის რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობა ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ დატოვა, რომელიც მათთან ერთად 10 წელი მუშაობდა. აქედან გამომდინარე, ჯღარკავას სამახსოვროდ საქართველოს ეროვული ნაკრების ახალი სათამაშო ფორმის 10-ნომრიანი მაისური გადასცეს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა საქართველოს ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას, გაიხსენა ეროვნული ნაკრების სადებიუტო ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე და წარმატებები უსურვა 21-წლამდე ნაკრებს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე. ლევან კობიაშვილმა ასევე ისაუბრა ქალთა ნაკრების პროგრესისა, ფუტსალის და ქვიშის ფეხბურთის ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ. მისი თქმით, მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებენ და სხვა ოცნებაც აქვთ. კერძოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.
სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდაზე და საგანმანათლებლო აქტივობებზე. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მნიშვნელობას და საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად ფიფას 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვის.
სფფ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სპონსორებსა და პარტნიორებს, ასევე სახელმწიფოს, უეფას და ფიფას ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის. სფფ-ის რიგით XXXV ყრილობას ესწრებოდნენ ფიფას წევრი ასოციაციების რეგიონული კოორდინატორი მარკო ფერი და უეფას ჰეთ-თრიქის პროგრამის მენეჯერი დენის ბასტარი.
ყრილობამ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მათ შორის, სფფ-ის ასოცირებულ წევრად იქნა მიღებული წყალტუბოს “სამგურალი” და საგარეჯოს “გარეჯი”, სფფ-ის ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი. ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, სფფ-ის სახელით 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური ჯილდო გადაეცა გია ჩარკვიანს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი აღზარდა.
ლაშა თაბაგარი