ვილი სანიოლი: “ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი გვაქვს”

0
17

ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება შეუძლია. ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: „მოგეხსენებათ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, ჩვენთვის ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან რთული იქნება, რადგან ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადის პირდაპირ, მეორე პლეი ოფში. ვინაიდან ამჟამად ესპანეთი ალბათ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, გაგვიჭირდება, რომ მათ ვაჯობოთ, ისევე, როგორც სხვებს. ვფიქრობ, ბრძოლა მეორე ადგილისთვის იქნება, თურქეთსაც ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, თუმცა, შანსი გვექნება, განსაკუთრებით შინ, რადგან არაჩვეულებრივი გულშემატკივრები გვყავს და მათთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია.
კაშია წლებია ნაკრების კაპიტანია და ამ მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს. ძალიან რთულია წინასწარ თქვა, რა როლს შეასრულებს მომდევნო შესარჩევ ციკლში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად ითამაშებს, რამდენს ითამაშებს, როგორ ფორმაში იქნება. გასაგებია, რომ უკვე 37 წლისაა, მაგრამ ნამდვილად არ დგას საკითხი, რომ აღარ იყოს ნაკრების კაპიტანი ან არ იყოს საკვანძო მოთამაშე მომდევნო ციკლში.
ჩემთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი 4-3-3 თუ სხვა ტაქტიკით ვითამაშებთ, გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე იქნება. გრძელი სეზონის შემდეგ ბევრს სჭირდება დასვენება და ჩემთვის მთავარია, ისინი სექტემბრის მატჩებისთვის მზად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს კონკურენციისთვის ხელს შეგვიწყობს, რადგან შესარჩევ ეტაპზე რთული იქნება მხოლოდ 12-13 ფეხბურთელზე დაყრდნობა, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ძალიან გრძელი გზაა და რა თქმა უნდა, სხვა ფეხბურთელების დახმარებაც დაგვჭირდება. ამ ორ თამაშში შანსი მიეცემა, როგორც ახალ მოთამაშეებს, ისე იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დიდი ხანია ნაკრებში არიან, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ნაკლებად თამაშობენ. მათ მიეცემათ შანსი, რომ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობა.
ხარებაშვილის თამაშს უკვე დიდი ხანია ვაკვირდები. ის მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ უკვე ისე თამაშობს, როგორც 24-25 წლის ასაკის ფეხბურთელი. ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გადავწყვიტე გამომეძახებინა, რათა გავიცნო და უკეთ დავაკვირდე. მოგეხსენებათ, ეს არაერთ ფეხბურთელთან გამიკეთებია ეს და ახალი არაფერია. არც იმის გარანტიაა, რომ ითამაშებს, მინდა დავაკვირდე, უკეთ გავიცნო და ეროვნულ ნაკრებს შევაჩვიო.
კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ ახლა, ეს სწორი არ იქნებოდა, მაგრამ ზოგადად, გეტყვით, რომ იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებიც სხვა დროს ყოფილან ეროვნულ ნაკრებში, სხვა საინტერესო კანდიდატებიც არიან, რომლებიც მომავალში გათვალისწინებული იქნებიან. მათ თამაშებზე სლოვაკეთში ვიქნები, ფეხბურთელებს ახლოს დავაკვირდები. ჩემთვის ისიც საინტერესო იქნება, რომ საქართველოში ჩემი მუშაობის პერიოდში პირველად ვნახავ საქართველოსა და საფრანგეთის დაპირისპირებას.
საქართველო, რომ ისევ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, იმის ნიშანია, რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს. გარდა ამისა, ახალგაზრდულ ნაკრებს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც უკვე წლებია შესანიშნავად მუშაობს. ევროპის ჩემპიონატს ბევრი გუნდის სკაუტი დაესწრება და ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენი ფეხბურთელებისთვის დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები, მიიპყრონ კარგი გუნდების ყურადღება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ფეხბურთელები კარგ გუნდებში თამაშობდნენ, ეს აუცილებელია ჩვენი განვითარებისთვის.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს სამწუხაროდ ვერ დავესწრები, რადგან შეკრება მანამდე იწყება. თუმცა, რა თქმა უნდა, თამაშს ვუყურებ, ვუგულშემატკივრებ პსჟ-ს, როგორც ფრანგულ კლუბს და ხვიჩას, იმის მიუხედავად, რომ ამის შემდეგ გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა ექნება მოგებული (იღიმის – რედ). რა თქმა უნდა, კვარას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, ის ჩვენი გუნდის ლიდერია, ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ყველა შეჰყურებს, სამაგალითო, რომელიც ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია.
პირველი ნომერი მამარდაშვილია, მეორე ლორია, მესამე – გუგეშაშვილი, არაფერი შეცვლილა, მაგრამ ახლა შანსი მამარდას არყოფნაში მათ მიეცემათ. შევისწავლეთ მეტოქეები, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ფარერები ფიზიკური, აგრესიული გუნდია, ახალგაზრდული, ტექნიკური, რომლის თამაში ბურთის ფლობაზეა დაფუძნებული. განსხვავებული მატჩები გველოდება, რისთვისაც მაქსიმალურად მზად ვიქნებით. ნაკრები რომ ქუთაისში თამაშობს, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული ნაკრები ყველასია, მთელი ქვეყნის და სწორია, რომ შეძლებისდაგვარად სხვა ქალაქებშიც ვითამაშოთ, არა მხოლოდ თბილისში. ქუთაისში ჩემი პირველი თამაში იქნება, ძალიან კარგი სტადიონია და ჩვენთვის ახალი გამოცდილებაც იქნება.
გიორგი ჩაკვეტაძეზე პირველი ინფორმაცია იყო, რომ 6-8 კვირა ვერ ითამაშებდა, სხვა ინფორმაცია ახლა არ გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, სექტემბრისთვის გამოჯანმრთელდება და მზად იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის.
ზურიკო მძულს, რადგან ჩემი საყვარელი კლუბი მეორე ლიგაში გააგდო, ხმას აღარ გავცემ… ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ხუმრობით! ზურიკოს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, რა თქმა უნდა, მეტი შეუძლია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითქმის სამი წელია შესვენების გარეშე თამაშობს, ახლა ამიტომაც არ გამოვიძახეთ, სექტემბრისთვის მზად იქნება. ზურიკოს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეუძლია უკეთეს გუნდშიც გადავიდეს და ნებისმიერ ტოპლიგაში ითამაშოს”.
ალექსანდრე იაშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მეორედ ვთამაშობთ ახალგაზრდულ ევროზე. რთული ჯგუფია, თუმცა ჩვენი მიზანია გავიდეთ და რაც შეძლება დიდი დრო გავატაროთ ევროპის ჩემპიონატზე. შემადგელობა ხვალ გავრცელდება, შეკრება იქნება, სადაც ამხანაგურსაც ჩავატარებთ და თამაშის მერე სრულად გაირკვევა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც სლოვაკეთში გაემგზარებიან.
ჩვენი მიზანია, მუდმივად წინ წავიდეთ. კი, ჩვენს ახალ ფორმას მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუმცა მე ძალიან მომწონს და ძალიან ბევრი პოზიტიური და კარგი შეფასებაც მოვისმინეთ. ნეგატივიც ნორმალურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი შეიყვარებს და ბევრი მათგანი მოვა თამაშზე ახალი მაისურით”.
საქართველოს ნაკრები 5 ივნისს ამხანაგურ თამაშს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის  “დინამო არენაზე” ფარერებთნ ჩაატარებს, ხოლო 8 ივნისს ქუთაისში, კაბო-ვერდეს შეხვდება. ორივე თამაში 20:00 საათზე დაიწყება
ლაშა თაბაგარი