კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ბოლო მატჩში გათამაშების ლიდერი თბილისის „იბერია“ საგარეჯოს „გარეჯს“ ესტუმრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
შეხვედრის მე-8 წუთზე ლუკა სილაგაძე მასპინძლების საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და ერთ მცველს გაექცა, რის შემდეგ ლუკა კუტალაძეს ახლო კუთხეში გაუტანა. ამ ეპიზოდში საგარეჯოელთა მეკარე აშკარად შეცდა.
86-ე წუთზე ვახტანგ ბედოშვილმა მოედნის ცენტრიდან ბურთიანად „იბერიას“ საჯარიმომდე ირბინა და მას მერე რაც ერთი მეურვეს გაცდა, ზუსტი პასი კართან ახლოს მდგომ გიორგი გოგოლაშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილ მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ 41 ქულა აქვს და მეორეადგილოსან გორის „დილას“ 6 ქულით ასწრებს. „გარეჯი“ 27 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.
გარეჯი 1:1 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი
