
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ გარისკა და კვარაცხელიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.
შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, ბრედლი ბარკოლას დუბლითა და ჰაკიმის გოლით პსჟ პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ, საფრანგეთის თასიც მოიპოვა. პარიზელებმა ქვეყნის თასი მეთექვსმეტედ დაისაკუთრეს.
პარიზელებმა ამ მოგებით გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ საქმეც გააკეთეს – მომავალ სეზონში ლიონელები, კონფერენს ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ ჟურნალისტები დაამშვიდა, რომ კვარაცხელია კარგად არის და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში “ოქროს” დუბლი მიითვალა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 31 მაისს გამართავს – ლუის ენრიკეს გუნდი მიუნხენის „ალიანც არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.




