მექვაბიშვილი კონფერენს ლიგაში ითამაშებს

0
16

კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, რუმინეთის ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ბოლო ტურში კრაიოველებმა სახლში ბუქარესტის „დინამო“ 2:1 დაამარცხეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მან „უნივერსიტაიას“ მაისურით მეორე სეზონი ჩაატარა და ჩემპიონატის 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, პლუს 1 საგოლე პასი შეასრულა. მექვაბიშვილმა რუმინეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგაში 2-ჯერ.
პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლო ტურში „კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, სტუმრად ლუბინის „ზაგლებიეს“ 2:1 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა გამარჯვებულებს შეუცვლელად უკაპიტნა. „კრაკოვიამ“ 51 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. 29 წლის კაკაბაძემ განვლილ სეზონში „კრაკოვიაში“ 30 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, თან 2 საგოლე პასი გააკეთა. მან პოლონეთის თასზე ერთხელ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი