„ნაპოლი“ მეოთხედ გაჩემპიონდა – კვარაცხელიას ოქროს მედალი არ შეხვდა

0
27

„ნაპოლი“ არსებობის ისტორიაში იტალიის სერია A მეოთხედ მოიგო. ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ტურში შინ „კალიარის“ 2:0 აჯობა და ბოლო სამ წელიწადში ოქროს მედლები მეორედ მოიპოვა. ნეაპოელელბმა 82 ქულა დააგროვეს და მეორედ ადგილზე გასულ მილანის „ინტერს“ ერთი ქულით აჯობეს.
„კალიარისთან“ შეხვედრის 42-ე წუთზე ანგარიში შოტლანდიელმა მაკტომინეიმ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ მეტოქის კარი მეორედ აიღო. „ნაპოლიმ“ მანამდე ჩემპიონობა 1987, 1990 და 2023 წლებში იზეიმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2024-2025 წლების სეზონის პირველი ნახევარი „ნაპოლიში“ გაატარა და ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, სერია A-ს რეგლამენტის მიხედვით ოქროს მედლები მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ეკუთვნით, რომლებიც გაჩემპიონების მომენტში გუნდის განაცხადში არიან. შესაბამისად, იანვარში “ნაპოლიდან” წასულ საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდს ოქროს მედალი არ შეხვდა.
კონტემ მწვრთნელის რანგში იტალიის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. მანამდე, მან ტურინის “იუვენტუსი” სამჯერ გააჩემპიონა, ხოლო “ინტერს” სკუდეტო ერთხელ მოაგებინა. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში სამ სხვადასხვა გუნდს გაამარჯვებინა. კონტე სკუდეტოების რაოდენობით კაპელოს და მარჩელო ლიპის გაუტოლდა – მხოლოდ ჯოვანი ტრაპატონის (7) და მასიმილიანო ალეგრის (6) ჩამორჩება.
ამასთანავე კონტე “იუვენტუსთან” ერთად ორჯერ იტალიის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო “ჩელსის” ინგლისის პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა.
55 წლის იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონი ჩაატარა, სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მაკტომინეიმ მიიღო, რომელმაც ნეაპოლელთა მაისურით პირველი სეზონი გამართა. მაკტომინეი და მისი თანაგუნდელი გილმორი ბოლო 120 წლის მანძილზე პირველი შოტლანდიელები არიან, რომლებმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგეს.
ლაშა თაბაგარი