ანჩელოტი: „მთელი ცხოვრება „რეალის“ გაწვრთნა არ შემიძლია“

0
20

კარლო ანჩელოტის თქმით, რომელიც 26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს არასოდეს უგრძვნია, რომ მადრიდის „რეალს“ აღარ ჭირდებოდა.
„მე არასოდეს მიგრძვნია, რომ „რეალს“ აღარ ვუნდივარ. ამ კლუბს ვუყვარვარ და ყოველთვის ასე იქნება. მადრიდელები ყოველთვის გრძნობით მეკიდებოდნენ. თუმცა, მთელი ცხოვრება „რეალის“ გაწვრთნა არ შემიძლია. ეს დასრულდება, რის ბევრი მიზეზიც არსებობს.
შესაძლოა, კლუბს რაღაცის შეცვლა სჭირდება. ბუზს სპილოდ არ ვაქცევ. მინდა „რეალს“ ათასი მადლობა გადავუხადო. მთელი ცხოვრება „მადრიდისტა“ ვიქნები, მაგრამ ეს ისეთი პერიოდია, რომელიც მალე დასრულდება“ – იუწყება 65 წლის სპეციალისტის ნათქვამს Madrid Universal.
ანჩელოტი “რეალს” 2021 წლიდან ავარჯიშებს და კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია. მან მადრიდელებთან ერთად 15 ტიტული მოიგო – ორჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ანჩელოტის  ხელფასი ნაკრებში წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება და ის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. თუ ბრაზილია 2026 წელს მუნდიალს მოიგებს, ანჩელოტი დამატებით 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ანჩელოტი მეორე უცხოელი მწვრთნელია, რომელიც ბრაზილიას გაუძღვება. 1965 წელს „სელესაოს“ არგენტინელმა ფილიპო ნუნიესმა ერთ მატჩში (ბრაზილიამ იმარჯვა) უხელმძღვანელა.