ხვიჩა კვარაცხელი პსჟ-ს მაისურით 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. ესპანელი ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პარიზელებმა ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად ლონდონის „არსენალს“ 1:0 აჯობეს, ხოლო შინ 2:1 დაამარცხეს და არსებობის ისტორიაში მეორედ ფინალში გავიდნენ. კვარაცხელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტნის კახა კალაძის შემდეგ, მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ყველა პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში იასპარეზებს. კალაძემ „მილანის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3-ჯერ ითამაშა და თასი 2-ჯერ მოიგო.
„პარკ დე პრენსზე“ გამართული შეხვედრა „არსენალმა“ აქტიურად დაიწყო და უკვე სტარტზევე დეკლან რაისის სახიფათო თავურის შემდეგ ბურთი კარს აცდა. ამის მერე ჯანლუიჯი დინარუმამ პსჟ გოლის გაშვებას ორჯერ გადაარჩინა – ჯერ ახლო მანძილიდან მარტინელის დარტყმული გაანეიტრალა, ხოლო შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან მარტინ ოდეგორს არ გაატანინა.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მასპინძლებიდან ანგარიშის გახსნა პირველს შეეძლო, როდესაც მე-17 წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ცოტა ხანში გოლის გახსნის შანსი დეზირე დუეს ჰქონდა, რომელმაც საჯარიმოში შესულმა ცუდად დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა.
27-ე წუთზე „სტანდარტულის“ შესრულების დროს ვიტინიამ ლონდონელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც პარტეიმ თავით ცუდად მოიგერია, ხოლო ფაბიან რუისმა დაახლოებით 16 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
პირველ ტაიმში პსჟ-ს უპირატესობის გაზრდა შეეძლო, როდესაც კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან შეტევა დაიწყო და პასი საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ბარკოლას მისცა, რომელმაც ერთი მეტოქე „მოატყუა“, თუმცა კარში ხეირიანად ვერ დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დონარუმამ ისევ გაიბრწყინა, როდესაც ბუკაიო საკას ძალიან სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია. 69-ე წუთზე ჰაკიმის დარტყმის შემდეგ, ლუის-სკელის ბურთი ხელში მოხვდა და მთავარმა მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ვიტინიამ თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად დაარტყა და „არსენალის“ მეკარეს ვერ აჯობა.
72-ე წუთზე კვარაცხელიამ პარიზელთა მორიგი იერიში მარცხენა ფრთიდან დაიწყო და საჯარიმოში ჰაკიმი მოძებნა, რომელმაც დემბელესთან გათამაშებული „კედელი“ კარში ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2:0.
76-ე წუთზე „არსენალის“ შეტევის დროს ტროსარმა საჯარიმოში გადაცემა გააკეთა და ნუნუ მენდეშის ფეხიდან ბურთი საკას მიუვიდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 2:1. ინგლისელ ფორვარდს მცირე ხანში მეორე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ კალაფიორის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან ბურთი ცარიელ კარს ააცილა. 86-ე წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი კალაფიორისთან კამათისთვის მიიღო.
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად 2020 წელს ითამაშა და მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:1 წააგო. ლუის ენრიკესთვის მწვრთნელის რანგში ეს მეორე ფინალია- 2015 წელს მან თასი „ბარსელონას“ მოაგებინა. პსჟ-ს მიმდინარე წელს 5 ტიტულის მოგების შანსი აქვს – საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და სუპერთასს დაეუფლა, ხოლო წინ საფრანგეთის თასის ფინალი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ელოდება.
ლაშა თაბაგარი





