ზესტაფონის მარგვეთი სუპერლიგის ნახევარფინალშია. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა ზესტაფონელებმა პლეი ოფიდან გორის ივერიონი გააგდეს. დაძაბულ, დრამატულ, ომის ტოლფას მატჩი, რომელიც სერიის ბედს წყვეტდა, მარგვეთმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ივერიონი მისსავე, ქომაგებით გადავსებულ დარბაზში 92:88 დაამარცხა.
ეს იყო სუპერლიგის მეოთხედფინალის ერთადერთი სერია, რომელშიც მე-5, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. მოედნის უპირატესობა გორელებს ჰქონდათ, რადგან ცხრილში უფრო მაღალი, მე-4 ადგილი დაიკავეს და გადამწყვეტ მატჩსაც უმასპინძლეს. მატჩის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე მასპინძლები 9 ქულით – 83:74 იგებდნენ.
აი, აქ გამოჩნდა ზესტაფონელთა ძალა და ხასიათი. ვახტანგ გაფრინდაშვილის წინამძღოლობით მარგვეთმა 4-წუთიანი გაქცევა მოაწყო, რომელიც 10:0 მოიგო და მატჩის დასრულებამდე 2:20 წუთით ადრე 84:83 დაწინაურდა. ივერიონი რომ იოლად არაფერს დათმობდა, ცხადი იყო და ჯეი პალის მექულეობით გორელებმა დაწინაურება მოახერხეს. თუმცა დროებით – ისევ გაფრინდაშვილმა ორქულიანი ჩააგდო, რასაც მიქაელ უგრეხელიძემ სამიანით უპასუხა და სირენამდე წუთნახევრით ადრე ფრე – 88:88 დაფიქსირდა.
გადამწყვეტი გამოდგა გაფრინდაშვილის სამქულიანი, რომელსაც ზესტაფონელთაგან დაცვაში აღებული ბურთი მიება. აღსანიშნავია, რომ გორელებს შანსი ნამდვილად მიეცათ, მაგრამ ვერც ერთი საკვანძო სროლა ვერ ჩააგდეს. რევაზ როგავამ 2 სამიანი და ორიანი გააცუდა, რაც აკოლ მავეინის დამსახურებაა – ზესტაფონელთა ლეგიონერმა როგავას ნასროლს ორჯერ დააფარა. გორელთა ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ კრისტიან ჯონსმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მარგვეთი მიუწვდომელი გახადა – 92:88. მატჩიც ამ ანგარიშით დასრულდა, რადგან გორელებმა ბოლო შეტევაც გააცუდეს და მატჩთან ერთად სერიაც წააგეს.
ზესტაფონელთაგან 20 ქულითა და 15 მოხსნით მავეინი გამოირჩა. 25 ქულით ბომბადირი გახდა ვახტანგ გაფრინდაშვილი. 22 ქულა და 5 პასი მალიკ მარტინის ანგარიშზეა. ივერიონში 26 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ჯეი პალი.
ასე და ამგვარად, მარგვეთმა ნახევარფინალური კვარტეტი შეავსო. ზესტაფონელები ფინალში გასასვლელად სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისს შეერკინებიან. მეორე წყვილში ერთმანეთს თსუ და გურჯაანის დელტა დაუპირისპირდებიან.
