თბილისის „იბერია“ ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით წაუგებლად წინსვლას განაგრძობს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გათამაშების ლიდერი ქუთაისში „ტორპედოს“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში მეორე თამაშიც მოუგო.
შეხვედრის მე-15 წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ, ლევან ხარაბაძეს ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნა, რაც ვერ მოახერხა, მაგრამ გვერდით ძელს შეეჯახა და ისე დაშავდა, რომ შეცვალეს.
მე-19 წუთზე იური ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგზე გახსნილ ნიდერლანდელ დერეკ აგიაკვას გააყოლა, რომელიც საჯარიმოში შევიდა და პასი გუნდის კაპიტან გიზო მამაგეიშვილს მისცა, ხოლო ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში იური ტაბატაძემ ქუთაისელთა საჯარიმოში ბრაზილიელ მცველ პიმენტალს დაასწრო, მაგრამ სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა იყოჩაღა და სტუმართა გარემარბს ბურთი ფეხიდან ააცალა.
64-ე წუთზე ნორვეგიელი ბიორნ იონსენის დარტყმის შემდეგ, თბილისელთა მცველის ფეხიდან ბურთი კარის წინ მდგომ ღუდუშაურს მიუვიდა, რომელმაც კარს ააცილა და ძალიან ხელსაყრელის საგოლე შანსი ვერ გამოიყენა.
მატჩის მიწურულს იონსენმა „იბერიას“ საჯარიმოში მიიღო ბურთი და პასი ცოტნე ფაცაციას მისცა, რომლის გდაცემის შემდეგ, ალეკო ბასილაძემ ძალიან ახლოდან დაარტყა, მაგრამ გიორგი მაკარიძემ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
საბოლოოდ, „იბერიამ“ სამი ქულა აიღო და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში 27 ქულით პირველ ადგილზეა. 2017 წლიდან მოყოლებული რაც ეროვნული ლიგა ტარდება 11 ტურის შემდეგ ამდენი ქულა არცერთ გუნდს აუღია. გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 12 ქულით მეხუთეა.
ტორპედო 0:1 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი
