„ბარსელონამ“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის “სამეფო თასი” 32-ედ მოიგო. სევილიაში გამართულ ფინალში გერმანელი ჰანსი ფლიკის გაწვრთნილებმა დამატებით დროში თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე მადრიდის „რეალს“ 3:2 აჯობეს.
შეხვედრის 28-ე წუთზე ლამინ იამალის პასის შემდეგ, პედრიმ დაახლოებით 20 მეტრიდან ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. 69-ე წუთზე 22 მეტრიდან კილიან მბაპემ საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 77-ე წუთზე არდა გიულემა კუთხური ჩააწოდა და ჩუამენიმ თავური დარტყმით მადრიდელები დააწინაურა – 1:2. 84-ე წუთზე ლამიან იამალმა საუცხოო პასით ფერან ტორესი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და „ბარსა“ ფორვარდი საჯარიმოს გარეთ გამოსულ ტიბო კურტუას გაცდა, რის შემდეგ ბურთი კარში გაახვია – 2:2. ამ ეპიზოდში ბელგიის ნაკრების მეკარე შეცდა, რადგან ფერან ტორესს გერმანელი მცველი რუდიგერი ეთამაშებოდა და მის წინ გასვლის საჭიროება არ იყო. ცნობისთვის, ფერან ტორესი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
115-ე წუთზე კუნდემ მადრიდელთა ნახევარზე მოდრიჩის პასი ჩაჭრა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა კურტუას მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა 3:2. 122-ე წუთზე სათადარიგოთა სკამზე მყოფმა რუდიგერმა წითელი ბარათი მიიღო, რადგან ყინულის ნატეხი ესროლა მთავარ მსაჯმა რიკარდო ბურგოს დე ბენგოეჩეას, რომლის გადაწყვეტილება არ მოეწონა. მატჩის დასრულების შემდეგ, არბიტრმა „რეალის“ კიდევ ორი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი და ლუკას ვასკესი „გააწითლა“.
მიმდინარე სეზონში „რეალმა“ ჯერჯერობით სამივე „ელ კლასიკო“ წააგო – ამანმდე ლა ლიგაში და სუპერთასზე დამარცხდა. კარლო ანჩელოტის „რეალში“ მოღვაწეობის პერიოდში გუნდი სეზონში ყველა ტურნირში 13-ჯერ პირველად დამარცხდა. ფლიკმა, რომელის „ბარსაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, მეორე ტიტული მოიგო – თასამდე ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა. მან კარიერაში მეშვიდე ფინალში გაიმარჯვა – „ბარსაში“ დანიშვნამდე 5 ფინალი „ბაიენში“ მოიგო.
„ბარსელონას“ შემდეგ, თასზე გამარჯვებათა რიცხვით მეორე ადგილზე ბილბაოს „ატლეტიკია“ (22), ხოლო მესამეზე – მადრიდის „რეალი“ (20).
ლაშა თაბაგარი
