„ლევანტე“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ლა ლიგაში აღზევებისთვის ერთ-ერთ კონკურენტ „ოვიედოსთან“ დამარცხდა. სეგუნდა დივიზიონის 37-ე ტურში ვალენსიელები ოვიედოში ჩავიდნენ და სახლში უქულოდ დაბრუნდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი „ლევანტეს“ მცველი იგნასი მიგელი აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ვალენსიელები 66 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან.
უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ჩერკასი“ თავის მოედანზე „კრივბასს“ უგოლოდ გაეყარა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის შუახაზელმა ლევან ნონიკაშვილმა მე-80 წუთიდან ითამაშა. „ჩერკასი“ 27 ქულით 16 გუნდს შორის მეათეა.
ლაშა თაბაგარი
