გრაცის „შტურმმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია, ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საჩემპიონო ჯგუფის მე-4 ტურში გრაცელებმა სახლში „ლინცს“ 2:0 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა და 82-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ორივე გოლი გასული იყო. „შტურმი“ 33 ქულით 6 გუნდს შორის პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ზალცბურგს“ 5 ქულით ასწრებს.
გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 36-ე ტურში გასვლაზე „კარტახენას“ 3:2 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებს შესაძლოა არც წაეგოთ 28-ე წუთზე პენალტი რომ გამოეყენებინათ. „გრანადა“ 58 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
