„სამგურალმა“ „თელავს“ 7-ჯერ გაუტანა

0
15

წყალტუბოს „სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პირველი წრის ბოლო მე-9 ტურში იტალიელი როდოლფო ვანოლის გაწვრთნილებმა „თელავი“ მიიღეს და 7:0 გაანადგურეს. მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ერთმა გუნდმა მეორეს 7-ბურთიანი სხვაობით აჯობა.
„თელავის“ რბევა ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა დაიწყო, რომელმაც მე-16 წუთზე საჯარიმოში ბურთი დავით მუჯირისგან მიიღო და ანგარიში გახსნა. 27-ე წუთზე ჟან კარლოსის გადაცემის შემდეგ ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 18 მეტრიდან თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 31-ე წუთზე „სამგურალის“ მრავალსვლიანი კომბინაციის დროს დემურ ჩიხლაძემ სტუმართა საჯარიმოში გახსნილი მუჯირი მოძებნა, რომელმაც შორეულ კუთხეში გაიტანა.
36-ე წუთზე წყალტუბოელთა კონტრშეტევის დროს მუჯირმა თელაველთა საჯარიმოში ლუკა ხორხელი მოძებნა, რომელმაც წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლუკა ხორხელმა პენალტიდან დუბლი შეასრულა.
59-ე წუთზე მასპინძლების მორიგი კონტრიერიშის დროს მუჯირმა ქუსლით პასი დემუ ჩიხლაძეს გაუკეთა, რომელმა საჯარიმოს გარედან „ცხრიანში“ შეაგდო. 78-ე წუთზე ირაკლი ჯანჯღავამ თითქმის იმავე მანძილიდან დაარტყა და სტუმართა მცველის ფეხიდან ბურთი კარში ჩაეშვა.
„სამგურალი“ 11 ქულით მეხუთზე პოზიციაზეა. რაც შეეხება „თელავს“, რომლის თავკაცი ვალერი გაგუა ამ მარცხის მერე შეინარჩუნებს თუ არა პოსტს რთულია სათქმელია, 10 ქულით მეშვიდეა.
სამგურალი 7:0 თელავი 
ლაშა თაბაგარი