„ლიონი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის ევროპა ლიგას 1/4-ფინალში გამოეთიშა. ფრანგულმა გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირველი შეხვედრა შინ 2:2 დაასრულა, ხოლო „ოლდ ტრაფორდზე“ ჩატარებული საპასუხო მატჩი ევროთასების ისტორიაში სამუდამოდ შევა. ფეხბურთი სწორედ ასეთი თამაშების გამო მსოფლიოში საუკეთესო სპორტის სახეობა.
მე-10 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა გარნაჩომ პასი უგარტეს გაუკეთა, რომელმაც ანაგრიში გახსნა – 1:0. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე დიოგო დალომ ორთაბრძოლა ტალიაფიკოს მოუგო და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0. შესვენებამდე საუცხოო რეიდი შერკიმ განახორციელა, რომელიც რამდენიმე მეტოქეს გაცდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რომელსაც რეალური საგოლე შანსი არ ჰქონია, 64-ე წუთზე ფოფანამ შეცვალა. 71-ე წუთზე ლაკაზეტის გადაცემის შემდეგ ერთი ბურთი ტოლისომ გაქვითა – 2:1. 77-ე წუთზე მეიტლანდ-ნაილსისგან ბურთი ტალიაფიკოს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2. 89-ე წუთზე ტოლისომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.
დამატებით დროში განვითარებული მოვლენები მართლაც საოცარი აღმოჩნდა. 104-ე წუთზე საჯარიმოში შერკიმ ბურთი ფოფანასგან მიიღო და ძლიერი დარტყმით კაცნაკლული „ლიონი“ წინ გაიყვანა – 2:3. ხუთ წუთში ლუკ შოუმ თავის საჯარიმოში ფოფანა წააქცია, ხოლო ლაკაზეტმა პენალტი გამოიყენა – 2:4.
114-ე წუთზე ალმადა საკუთარ საჯარიმოში კაზემიროს ეუხეშა და ამჯერად, ფრანგების კარის მიმართულებით დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ბრუნუ ფერნანდეშმა გოლად აქცია – 3:4. 120-ე წუთზე კაზემიროს კარგი პასის მერე, „ლიონის“ საჯარიმოში მდგომმა მაინომ მეკარე ლუკას პერის შანსი არ დაუტოვა. შეხვედრის ბოლო წუთზე კაზემირომ თავზე „დაასვა“ ბურთი შეტევაში ჩართულ ცენტრალურ მცველ ჰარი მაგვაიერს, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1/2-ფინალის საგზური მოუტანა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 1/2-ფინალში ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდება, რომელმაც გათამაშებას „გლაზგო რეინჯერსი“ გამოთიშა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისის „ტოტენჰემი“ და ნორვეგიის „ბოდო/გლიმტი“ დაუპირისპირდებიან. „ტოტენჰემმა“ 1/4-ფინალში გერმანიის „აინტრახტს“ აჯობა, ხოლო „ბოდო/გლიმტმა“ – რომის „ლაციოს“.
ევროპა ლიგის პირველი მატჩები 1 მაისს შედგება, საპასუხო კი – 8 მაისს.
ლაშა თაბაგარი





