კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური ბათუმში დასრულდა, სადაც გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „თელავს“ უმასპინძლა და 3 ქულა აიღო, რის წყალობით მე-2 პოზიციაზე დაბრუნდა.
შეხვედრის 45-ე წუთზე უკრაინელმა მცველმა კირილ მელიჩენკო ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ლიტველმა ფორვარდმა გიტის პაულაუსკასმა თავით პასი კარის წინ მდგომ ლუკა ქაფიანიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-60 წუთზე პაულასუკასმა კარგი პასი მისცა თელაველთა საჯარიმოში შეჭრილ რევაზ ინჯგიას, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ესპანელმა ჯალენ ბლესამ ზუსტად დაამატა – 2:0.
ბათუმელები 15 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ თბილისის „იბერიას“ 2 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ვალერი გაგუას გაწვრთნილი თელაველები 10 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.
დინამო ბთ 2:0 თელავი
ლაშა თაბაგარი





