უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო – სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.
უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება.
აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებზე.
უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევის პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს შინ თურქეთთან ჩაატარებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი – თურქეთს. 15 ნოემბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილები ესპანელებს მიიღებენ, შესარჩევს კი 18 ნოემბერს ბულგარეთთან საშინაო თამაშით დაასრულებენ.
ლაშა თაბაგარი





