მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებაში ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა. მან ამის შესახებ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დღეს გასამართ პირველ თამაშამდე განაცხადა.
„თანაბარი ბრძოლა იქნება და ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. ჩვენ წინასაწარ იმაზე ვერ ვიფიქრებთ, რომ პირველ შეხვედრაში კარგი ჰანდიკაპი შევქმნათ.
დერბი ყოველთვის ერთნაირია. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა ემოციისა და ზეწოლის თვალსაზრისით, რომელიც თამაშამდე იგრძნობა. მეტოქეები თანაბარი და კონკურენტუნარიანები არიან -მომავალი შეხვედრა სწორედ ასეთი იქნება. „ატლეტიკო“ ძალიან კარგ სეზონს ატარებს.
ბოლო დერბიში ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, ხოლო მეორეში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ ისე ვითამაშოთ როგორც შესვენების შემდეგ და არა ისე როგორც შესვენებამდე. ეს რთული არაა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური გამოცემა Marca.
ლაშა თაბაგარი
