ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი გაიტანა. 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში პარიზელებმა შინ „ბრესტი“ 7:0 გაანადგურეს და თავისი გუნდის წარმატებაში ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
შეხვედრის მე-20 წუთზე ფაბიან რუისის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბარკოლა ერთ მცველს გაცდა და ანგარიში გახსნა.
39-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ნევეშმა ჩააწოდა და ბარკოლამ მიმართულბა შეუცვალა ბურთს, რომელსაც კვარაცხელია მიასწრო და მახვილი კუთხიდან ვარდნაში გაიტანა. მან კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში თავი მეორედ გამოიჩინა. მანამდე, ორი გოლი „ნაპოლის“ მაისურით მიითვალა.
59-ე წუთზე ვიტინიამ დაახლოებით 18 მეტრიდან ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში ჩასვა.
64-ე წუთზე გონსალუ რამუში ფინტით მცველს გაცდა და საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი დეზირე დუეს გადააწოდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. ხუთ წუთში ჰაკიმის პასის მერე კარის ახლოდან ნუნუ მენდეშს გატანა არ გაჭირვებია. 76-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში გახსნილ დუეს შეაყოლა, რომელმაც რამუშს გაატანინა. 86-ე წუთზე კვარაცხელიამ „ბრესტის“ საჯარიმოში მაილუ მოძებნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
