ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ წარუმატებელი სერია დაასრულა

0
4

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფში 5-მატჩიანი მოუგებელი (ერთი ფრე და ოთხი მარცხი) სერია შეწყვიტა. 33-ე ტურში უოტფორდელები სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელ „მიდლსბროს’ სტუმრად დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. მან პირველ ტაიმში საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. მეორე ტაიმში ჩაკვეტაძე დრიბლინგით მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მეკარეს ვერ აჯობა.
სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მუსა სისოკომ მე-40 წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ „უოტფორდმა“ 45 ქულა დააგროვა და 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი