„ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის გერმანელი დირკ შუსტერის განცხადებით, ქუთაისურ კლუბში მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროთასებზე თამაშია. მან ამის შესახებ „ტორპედოს“ პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დირკ შუსტერი: „კლუბის ხელმძღვანელებთან კარგი მოლაპარაკება გვქონდა. კლუბთან დაკავშირებული ყველაფერი დამათვალიერებინეს: ბაზა, სტადიონი, ქალაქი. ამიტომ, ქუთაისში ვიზიტის დროს კარგი შეგრძნება გვქონდა. ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობა აქ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
აქ საკმაოდ კარგი პროექტი შემოგვთავაზეს. კარგი კომუნიკაცია გვაქვს კლუბის პრეზიდენტთან. ამიტომ, ბედნიერები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით და ამ გუნდს ვამზადებთ.
ქუთაისი კარგი ქალაქია და სტადიონიც ძალიან ლამაზია. ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც სტადიონზე ჩვენი პირველი ვიზიტის დროს დიდ მაგიდასთან მიგვიღეს და ყველაფერი იყო ჩვენთვის მოწყობილი. ამიტომ, პირველი წუთიდან კლუბსა და ხელმძღვანელებზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩა.
ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატის დონეზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მატჩები მხოლოდ ვიდეოებით და ფრაგმენტებით მაქვს ნანახი. ამიტომ, გვჭირდება თავად შეიქმნათ შეხედულება ლიგის და გუნდის შესახებ. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, რადგან მხოოლოდ მეორე დღეა რაც გუნდს ვწვრთნით.
ვიცით, რომ „ტორპედომ“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ევროთასებზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც კლუბის კარგ სტანდარტზე მიუთითებს. თუმცა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ამ ადამიანებთან ერთად კლუბი მეტად განვავითაროთ. ეს ჩვენი დიდი მიზანია.
ესპანეთში იდეალური გარემოა. აქ ჩამოსვლა ცოტა ხნით ადრე მოგვიწია. გუნდის და ოფიციალური პირების ჩამოსვლას აქ ველოდებოდით. ორივე მხარე ძალიან თბილად დაგვხვდა და ჩვენთვის ეს სასიამოვნო მომენტი იყო.
შემდეგ რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი საათები ორივე მხარისთვის კარგი იყო. დიახ, ჩვენ ვიმუშავებთ გუნდთან ერთად და ვისაუბრებთ ტრანსფერებზე. თუმცა, ამ ეტაპზე რამის თქმა ნაადრევია. უნდა გავიცნოთ გუნდი, თითოეული ფეხბურთელის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომ საბოლოო შეფასება გავაკეთოთ ყველა ფეხბურთელსა და პოზიციაზე. ამიტომ, დღეს ვერ განვსაზღვრავ მომავალში რა გვჭირდება.
ესპანეთში ჩამოსვლამდე კლუბის ხელმძღვანელებს ტელეფონით ვესაუბრე და სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. შესანიშნავი ატმოსფეროა შექმნილი და კარგი კომუნიკაცია გვქონდა პერსონალთან. შეკრება დავიწყეთ და გვსურს პირველი მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ. ჩვენი მიზანი სეზონის გამარჯვებით დაწყებაა, რაც ნორმალურია. ამიტომ ვართ აქ და ყველა თვალსაზრისით ვმუშაობთ – ტაქტიკურად, ფიზიკურად და ასევე ბურთით თამაშით. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს.
მატჩები ვნახე და „ტორპედოს“ გულშემატკივრებზე ბევრმა მითხრა, რომლ;ებიც კლუბის ერთგულები არიან. ვიცი, რომ რამდენიმე კლუბი განსაკუთრებით არ უყვართ. ჩვენი მიზანია თითოეულ მატჩში ფიზიკური შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და 100 პროცენტით დავიხარჯოთ, რაც ჩვენი რწმენით წარმატებას მოგვიტანს. თუ გუნდის თითოეული წევრი 100 პროცენტით დაიხარჯება და საერთო მიზნისთვის ერთად იმოქმედებს, ჩვენ მატჩების მოგებას და სეზონის წარმატებით ჩატარებას შევძლებთ“.
ლაშა თაბაგარი





