პსჟ-ს მაისურით უეფას ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში პარიზელები „ბრესტს“ ესტუმრნენ და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, სასტარტოში პირველად ვერ მოხვდა და თამაშში 67-ე წუთზე დუეს ნაცვლად ჩაერთო.
შეხვედრის 21-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი დემბელეს დარტყმული ბურთი ლეს-მელოუმ ხელით მოიგერია და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ვიტინიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
36-ე წუთზე ბრესტელებმა კუთხური ჩააწოდეს და სიმას თავურის შემდეგ, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ცოტა ხანში, ჰაკიმის მოგერიებული ბურთი პარიზელთა კარის ძელს შეეხო და კუთხურზე გადავიდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სტუმრების კონტრშეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში შესულმა დემბელემ ახლო კუთხეში გაიტანა – 0;2. 66-ე წუთზე „ბრესტის“ მცველის ფეხიდან დემბელემ საჯარიმოში მიუვიდა ბურთი, რომელსაც კარში ადგილი მიუჩინა – 0:3. მას დუბლის შესრულების გარდა, კიდევ ორი საგოლე მომენტი ჰქონდა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და პსჟ-მ, რომელიც წყვილში ფავორიტად მიიჩნეოდა, 1/8-ფინალში თამაში ფაქტობრივად გაინაღდა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 19 თებერვალს პარიზში შედგება.
ლაშა თაბაგარი
