ფუტსალის ნაკრებმა ბულგარელებს სტუმრადაც მოუგო

0
3

ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის მე-4 ტურში სტუმრად ბულგარეთი დაამარცხა. თბილისში 6:1 გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა პლოვდივში ბალკანელებს 5:1 აჯობა.
მატჩის მე-6 წუთზე თოფურიამ კუთხური ჩააწოდა და ხარატიშვილმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა -:0;1. მე-9 წუთზე ღავთაძე სამ ბულგარელს გაექცა და დაახლოებით 11 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ჩვენი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა – 0:2. მე-10 წუთზე ღავთაძემ საუცხოო პასი მისცა კართან ახლოს მდგომ ბერეჩიკიძეს, რომელმაც ნაკრებში თავისი სადებიუტო ბურთი გაიტანა – 0:3.
მე-12 წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმა გაითამაშეს და დიმიტროვმა ქუსლით ერთი ბურთი გაქვითა – 1:3. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმიდ დაწყებიდან ერთ წუთში, ღავთაძე მეტოქეს გაცდა და დაახლოებოთ 11-12 მეტრიდან მასპინძლების კარი აიღო – 1:4. 37-ე წუთზე ღავთაძემ ფინტით მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და ზედა კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები 9 ქულით მე-10 ჯგუფში მეორე ადგილზეა. ვროპის ჩემპიონატის საგზურს ძირითადი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პლე-ოფში იბრძოლებს.
ფუტსალის ნაკრები ძირითად რაუნდში მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს სტუმრად კოსოვოსთან ჩაატარებს, ხოლო 16 აპრილს თბილისში საფრანგეთს მიიღებს.

მატჩის ოქმი –ბულგარეთი 1:5 საქართველო

ლაშა თაბაგარი