„სალერნიტანამ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის იტალიის სერია B-ს 24-ე ტურში შინ „კრემონეზეს“ მინიმალური ანგარიშით აჯობა. განვლილი შეხვედრა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველისთვის მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ მიმდინარე ზამთარში „სალერნიტანაში“ სწორედ კრემონელებმა გაანათხოვრეს.
ლოჩოშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მე-10 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 59-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე რაიმონდომ გაიტანა. „სალერნიტანა“ 24 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
შვეიცარიის სუპერლიგის 21-ე ტურში „ბაზელი“, რომელშიც გაბრიელ სიგუა ირიცხება, სტუმრად „ციურიხს“ შეხვდა და 1:0 აჯობა. ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგო იყო და თამაშში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ჩაერთო. „ბაზელი“ 37 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ლუგანოს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
