ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი თამაში მოიგო. მე-20 ტურში პარიზელები სტუმრად „ბრესტს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულა აიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა.
მატჩის მე-13 წუთზე კვარაცხელიას ანგარიშის გახსნის საუცხოო შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და მისი დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ბარკოლამ ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა,
29-ე წუთზე ფაბიან რუისმა თავისი ნახევრიდან საუცხოო პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ბარკოლას, რომელმაც სისწრაფეში მცველსაც აჯობა და წინ გამოსულ მეკარესაც დაასწრო, ხოლო ბურთი კარის წინ მდგომ უსმან დემბელეს გადააწოდა, ამ უკანასკნელს კი ცარიელ კარში გატანა არ გაჭირვებია – 0:1.
49-ე წუთზე ვილიან პაჩომ თავის საჯარიმოში ბურთი თავით ცუდად მოიგერია და დელ კასტილიომ დაახლოებით 16 მეტრიდან „მოჭრილი“ დარტყმით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 56-ე წუთზე „ბრესტის“ მცველმა ნდიაიემ თავის საჯარიმოში წააქცია კვარაცხელია, რომელმაც დარტყმა მაინც მოასწრო, ხოლო მეკარის მოგერიებულ ბურთს დემბელემ დაამატა – 1:2. ამ გოლიდან ორ წუთსი კვარაცხელიას მაგივრად თამაშში დუე ჩაერთო. 63-ე წუთზე ლი კანინმა მასპინძლების საჯარიმოსი ბურთი კარგად დაამუშავა და ზუსტი პასი გადააწოდა უმეთვალყურეოდ დარჩენილ დემბელეს, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა – 1:3. დემბელემ მიმდინარე კვირაში ორი ჰეთ-თრიქი შეასრულა – მანამდე სამი გოლი “შტუტგარტს” გაუტანა. არადა, 2016 წლის შემდეგ მის ანგარიშზე ჰეთ-თრიქი არ იყო.
71-ე წუთზე ჰაკიმიმ თავი ვერ მოიგერია ბურთი, რომელიც აჟორგს დარჩა, ხოლო „ბრესტის“ თავდამსხმელმა პაცოი ჩამოიშორა და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან ბურთი კარის ბადეში მოათავსა – 2:3.
89-ე წუთზე დუემ მოედნის ცენტრიდან დაიწყო თავისი გუნდის კონტრშეტევა და ორ მეტოქეს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესულმა გონსალუ რამუში მოძებნა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2;4. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე რამუში მოედნის ცენტრიდან გაიქცა და საჯარიმოში შესული პასს თანაგუნდელს აძლევდა, მაგრამ მცველმა ჩაჭრა ბურთი, რომელიც ისევ პორტუგალიელ ფორვარდს მიუვიდა და მან დუბლი მიითვალა. პსჟ 50 ქულით ლიგა 1-ის 18-გუნდიან ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





