პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, გუნდში არსებული კონკურენციის შესახებ ისაუბრა.
„გვსურს, რომ ჩვენი გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდეს. გვინდა, რომ უფრო ბევრი შესაძლებლობა და რესურსი გვქონდეს. კონკურენცია აუცილებელია, რადგან პსჟ-ს შეუძლია კიდევ უფრო უკეთესად ითამაშოს.
კლუბის სპორტული ხელმძღვანელების, პერსონალის და გუნდის მხარდაჭერა მაქვს. გასული წლიდან ჩვენი მიზანი უკეთესი გუნდის შექმნა იყო“ – ციტირებს ენრიკეს პარიზელთა პრესსამსახური.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.
კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ პარიზელებისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა, ხოლო “ნაპოლის” მიერ ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებში მეორეა.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 29 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლელებთან ერთად 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთანავე მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარდა ამისა, იმავე სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მეპასე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო. ის იტალიის თვის საუკეთესო ფეხბურთელად 4-ჯერ დაასახელეს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ არგენტინელ პაულუ დიბალას ჩამორჩება, რომელსაც ასეთი პატივი ზილად 5-ჯერ ხვდა.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





