ბათუმის „დინამომ“, რომელიც გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის ემზადება, თურქეთში შეკრებაზე მე-3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამჯერად, ბათუმელები დანიის სუპერლიგის ბოლოადგილოსან „ვეილეს“ დაუპირისპირდნენ და 0;4 წააგეს. ცნობისთვის, „ვეილე“ ტრადიციაყლი კლუბია, რომლის რიგებში დანიის ფეხბურთის ისტორიაში „ოქროს ბურთის“ ერთადერთ მფლობელი ალან სიმონსენი თამაშობდა.
ისევე როგორც პოლონეთის ლუბინის „მოტორთან“ 1:2 წაგებულ შეხვედრაში, გუნდებმა ისევ ოთხი 30-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო დანიელებმა ანგარიში მეორე ტაიმის მიწურულს გახსნეს. მესამე ტაიმში „ვეილეს“ ფეხბურთელებმა ბათუმელთა კარი კიდევ ორჯერ აიღეს, ხოლო ბოლო ტაიმში დანიელებმა ერთი ბურთი გაიტანეს.
ცნობისთვის, „მოტორთან“ და „ვეილესთან“ მარცხის გარდა, „დინამომ“ უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ 0:3 წააგო. ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი თურქეთში მომდევნო ამხანაგურ თამაშს 4 თებერვალს უკრაინის „პოლესიასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
