ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი სტივ კინი კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშნეს. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება:
“სტივ კინი ახალი სეზონიდან “ტორპედოს” სპორტულ დირექტორად იმუშავებს. კლუბში მუშაობის გასული 20 თვის შეფასებისას კინმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საინტერესო და გამოწვევებით დატვირთული ეტაპი იყო მის კარიერაში. ამასთან, მას პირველ გუნდთან მუშაობის პარალელურად, ბევრი დრო არ რჩებოდა, ეზრუნა კლუბის მრავალმხრივ განვითარებაზე. დღეიდან კი მისი დრო სრულად დაეთმობა ახალ გამოწვევას და ის მზადაა, მაქსიმალურად ჩაერთოს კლუბის სტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში. მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია აკადემიის ხელშეწყობა, როგორც მეთოდური სიახლეების დანერგვის, ისე ახალგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური მიდგომების გასავითარებლად”.
გასულ სეზონში, კინიხ ხელმძღვანელობით “ტორპედომ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისელებს გერმანელი დირკ შუსტერი გაწვრთნის.
57 წლის შუსტერს თავის დროზე „აუგსბურგს“ ავარჯიშებდა. ამის შემდეგ, „დარმშტადტს“ თავკაცობდა, რომელიც გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა. “დარმშტადში” მიღწეული წარმატების გამო, შუსტერი 2016 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ის კარიერაში ერცგებირგეს აუს-ს ხელმძღვანელობდა, ხოლო ბოლოს „კაიზერსლაუტერნში“ მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი
