„მანჩესტერ სიტიმ“ მცველი კაილ უოკერი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „მილანში“ გაანათხოვრა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
34 წლის ინგლისელი ფეხბურთელი იტალიურ გუნდში 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სეზონის დასრულების შემდეგ, მილანელებს უოკერის „სიტიდან“ გამოსყიდვის უფლება 5 მილიონ ევროდ ექნებათ.
ინგლისის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი „სიტიში“ 2017 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 319 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა.
მან მანჩესტერელთა შემადგენლობაში პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის თასი და სუპერთასი 2-2-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგაში, უეფას ევროპის სუპერთასზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი
