„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ ანგარიშით 1:1.
მე-19 ტურში „სენტ-ეტიენი“ „ოსერს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ შინ ქულით დაბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
მასპინძლები 27-ე წუთზე ჰამედ ტრაორემ დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დავითაშვილმა საჯარიმოს დარტყმა შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია, რის შემდეგ, სტუმართა კიდევ ორი ფეხბურთელის დარტყმული გაანეიტრალა, მაგრამ საბოლოოდ ლუკას სტასინმა ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და „სენტ-ეტიენი“ 18 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში არნემის “ვიტესი” შინ “დორდრეხტთან” 0:3 წააგო და მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ირაკლი ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა. “ვიტესი”, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ ქულები დააკლეს, 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი
