კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ს ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებულია

0
57

ხვიჩა კვარაცხელია, რომლის სანაცვლოდ პსჯ მზადაა „ნაპოლის“ 70 მილიონი ევრო გადაუხადოს, შესაძლოა პარიზული კლუბის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდეს.
ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, მანამდე ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენებში მეოთხე ადგილი მაროკოს ნაკრების მცველ აშრაფ ჰაკიმის ეკავა. რომელიც პსჟ-მ 68 მილიონ ევროდ მილანის „ინტერიდან“ იყიდა.
პსჟ-მ ყველაზე დიდი თანხა ნეიმარში გადაიხადა, რომელიც „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა. მეორე ადგილზე „მონაკოდან“ 180 მილიონ ევროდ განხორციელებული კილიან მბაპეს ტრანსფერია, ხოლო მესამეზე ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ რანდალ კოლო მუანის ყიდვა 95 მილიო ევროდ.
კვარაცხელია პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 7 ან 7,5 მილიონი ევრო იქნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის გარემარბი „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 29 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლელებთან ერთად 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთანავე მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარდა ამისა, იმავე სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მეპასე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო.
ლაშა თაბაგარი