გიორგი მამარდაშვილმა კუნთის ტრავმა მოირჩინა და „ვალენსიას“ შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში სტუმრად „სევილიასთან“ ითამაშა.
პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მასპინძელი ფეხბურთელის შორის მანძილიდან ძალიან სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყიში მან ანალოგიური გააკეთა.
61-ე წუთზე მამარდაშვილმა თავისი საჯარიმოდან ზუსტი პასი გაუკეთა მოედნის ცენტრში უგო დუროს, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი ლუის რიოხას მიუვიდა, რომლის რეიდი გოლით დასრულდა – 0:1.
მსაჯის მიერ მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სევილიელმა ადრია პედროსამ საჯარიმოს გარედან ძალიან სუსტად დაარტყა, ხოლო მამარდაშვილმა ბავშვური შეცდომა დაუშვა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა – 1:1. „ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ, ქართველი გოლკიპერი ასე უხეშად არ შემცდარა. „ვალენსია“ 13 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
