„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე შეხვედრაში ქულაც ვერ აიღო. მე-15 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდი გასვლაზე „ტულუზას“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრები 53-ე წუთზე სტასინმა დააწინაურა, ხოლო ორ წუთში მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ბაბიკამ გაიტანა. „ტულუზადან“ 85-ე წუთზე თავი აბუჰლალმა გამოიჩინა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. „სენტ-ეტიენი“ 13 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზეა.
ესპანეთის ლა ლიგაში მიჯრით მესამედ დამარცხდა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“. მე-17 ტურში ვალენსიელები ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტ „ვალიადოლიდს“ შეხვდნენ და თამაშის ბედი მე-20 წუთზე ტუჰამის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. მამარდაშვილს მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს და ამიტომ წელს მოედანზე ვეღარ გავა. „ვალენსია“ 10 ქულით ბოლო მე-20 ადგილზე დაეშვა.
ლაშა თაბაგარი





