„კარლსრუემ“, რომლის მიზანი პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებაა, ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურში ბუდუ ზივზივაძის გუნდი სტუმრად „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდა და შინ უქულოდ დაბრუნდა – 1:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან მე-12 წუთზე ანგარიში ტომიაკმა გახსნა, ხოლო რედონდომ 73-ე წუთზე თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 75-ე წუთზე ჰეუერმა „კარლსრუეს“ კარი მესამედ აიღო. სტუმრებიდან ერთადერთი ბურთი 88-ე წუთზე ვანიტცეკმა გაიტანა. „კარლსრუე“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე დაქვეითდა.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-13 ტურში აპოელი გასვლაზე „ომონიას“ დაუზავდა – 2:2. სტუმრების განაცხადში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი იყო, მაგრამ არ უთამაშია. აპოელი 20 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი
