„ტორპედომ“ გამარჯვების გემო გაიხსენა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „ტორპედომ“ რამაზ შენგელიას სახელობის ფაქტობრივად ცარიელ სტადიონზე გორის „დილა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მატჩის მე-17 წუთზე ქუთაისელთა შეტევის დროს გორელთა ნახევარზე მყოფმა ბულგარელმა მატეო სტამატოვმა მარცხნიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა აკაკი შულაიამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
35-ე წუთზე გვინეელი მოჰამედ კანტეს გადაცემის შემდეგ, შოთა შეყილაძემ ერთი შეხებით ისე მიიღო ბურთი, რომ ორ მცველს შორის გაძვრა და საჯარიმოში შესულმა წინ გამოსულ მეკარეს თავს ზემოთ გადაუგდო – 1:1. „დილას“ პირველ ტაიმში დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ გიორგი ჯალაღონიას დარტყმის მერე, ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმის შუაწელში დიეგო დეისაძე „დილას“ საჯარიმოში ბრაზილიელ მცველ ჟოაო არაუჟოსთან ორთაბრძოლის დროს დაეცა. თავდაპირველად არბიტრმა ცოტნე სამსონაშვილმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა და პირიქით დეისაძეს ყვითელი ბარათი აჩვენა.
68-ე წუთზე ტორპედოელებმა მარჯვნიდან შეუტიეს და ლუკა კუპრავამ საჯარიმოში პასი გახსნილ ფელიპე პირესს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა – 2:1. მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეყილაძემ ჯარიმის შესრულების დროს ბურთი კართან ჩააწოდა და სენეგალელი მუჰამედ დიუფის თავურის მერე, ოთო გოშაძემ მასპინძლები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ 14 სექტემბრის შემდეგ პირველი თამაში მოიგო და 40 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა. ბერძენი დიამადის ვავალისის ხელმძღვანელობით „დილას“ 40 ქულა აქვს და მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი