ბორჯღალოსნებმა 2024 წლის დასკვნით მატჩში ტონგას სარეკორდო, 15 ქულის სხვაობით სძლია – 22:7. ეს იყო ამ გუნდების მე-8 რკენა, საიდანაც 6 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2014 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნები ტონგას 5-ჯერ ეთამაშნენ და ყველა მათგანში გამარჯვება მოიპოვეს. წინა რეკორდული სხვაობა 2018 წელს დაფიქსირდა (20:9). კუნძულელებს მას შემდეგ პირველად ვეთამაშეთ და ეს მაჩვენებელი 4 ქულით გაუმჯობესდა.
სხვაობა შეიძლებოდა ბევრად დიდი ყოფილიყო, მაგრამ პირველ ტაიმში მასპინძლებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და ქულა ვერ აიღეს. შეცდომები იყო მეორე ტაიმშიც, ორი ლელო ვიდეო-რეფერიმ გააუქმა, ტონგამ კი სხვაობის შემცირება მხოლოდ გაწითლებულ დროზე მოახერხა.
ტონგასთან რეკორდული სხვაობით გამარჯვებას თან ახლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი კონკრეტული მორაგბეებისთვის:
37 წლის სანდრო თოდუამ ბორჯღალოსნების კვართით 117-ე თამაში ჩაატარა და მე-20 ლელო გაიტანა. თოდუა საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზეა და 5-ით ჩამორჩება დავით კაჭარავას;
ვასილ ლობჟანიძემ, რომელიც შემოდგომის თამაშებში ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო, 90-ე კეპი მოიხვეჭა; აკაკი ტაბუცაძემ 41-ე სანაკრებო ლელო გაიტანა (46 თამაში), რითაც მსოფლიო რაგბის საუკეთესო მელელოვეთა შორის მე-15 ადგილზე აღზევდა. პირველ ადგილზე იაპონელი დაისუკე ოჰატაა, რომლის ანგარიშზე 69 ლელოა;
21 წლის გიორგი შველიძე ტონგასთან მატჩში შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა და 307-ე ბორჯღალოსანი გახდა. ის ვეტერანი ბორჯღალოსნის, გოდერძი შველიძის შვილია, მისი ძმა ანრი შველიძე კი ცოტა ხნის წინ უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.
ორი განსხვავებული ტაიმი
“მიხეილ მესხზე” შეკრებილმა 12-ათასამდე მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ორივე გუნდი ქაოტურად ირჯებოდა, რაც მეტოქეს აძლევდა ხელს. საქართველო ვერაფრით ახერხებდა შეტევების ორგანიზებას, შეცდომებს უშვებდა და დროის დიდი წილი უბურთოდ უწევდა ყოფნა.
ტონგას ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა – პირველ წუთზე ჯარიმა ვერ გაიტანა, ტაიმის შუაში კი ჩვენი შეცდომების სერიის შემდეგ ლელო თითქოს გარდაუვალი ჩანდა, თუმცა დასკვნით ფაზაში დაცვამ იმუშავა. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლის დამყარება მოხერხდა და მომენტებიც შეიქმნა, მაგრამ 3-ჯერ ჯარიმა კარში არ დავარტყით და ვერც ლელო გავიტანეთ.
უქულო პირველი ტაიმის შემდეგ ბორჯღალოსნები მოედანზე სულ სხვა განწყობით დაბრუნდნენ და პირველსავე წუთზე ანგარიში გახსნეს: პირველი ბურთი მეტოქის 22-ში მოვიპოვეთ, ფორვარდებმა ფაზები აკინძეს და ხუთმეტრიანში შევიდნენ, მერე ოვალი ხაზზე გავიდა, დავით ნინიაშვილი ერთ მცველს გასცდა, მეორე აიყვანა და კალათბურთის პასით ლელო სანდრო თოდუას გაატანინა. ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახა.
ტონგამ ლელოთი სცადა პასუხის გაცემა, თუმცა პირველი ტაიმის მსგავსად მომაკვდინებელ ბოჭვებს წააწყდა. 55-ე წუთზე ვანო კარკაძემ ჩვენს ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და კონტრშეტევა წამოიწყო, 15 მეტრი ირბინა და ოვალი ნინიაშვილს გაატანა, რომელმაც ორი მბოჭავი ერთი მოძრაობით “მოტეხა” და 40-მეტრიანი აჩქარება მარცხენა ალამთან ლამაზ ნახტომში დაასრულა. მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, რომელმაც კონტრშეტევის დაწყებამდე გიორგი მამაიაშვილზე სახიფათო ბოჭვა დააფიქსირა, ლელო გააუქმა, ქართველი ბურჯი კი სინბინით დაისაჯა.
ტონგამ ხელსაყრელი პოზიციიდან 3 ქულის არება სცადა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. კაცნაკლულმა ბორჯღალოსნებმა რამდენიმე წუთში თავად შეუტიეს, ორჯერ მოლი ააგორეს, მერე ბურთი ხაზზე გაიტანეს და ტაბუცაძე ლელოს აუცილებლად გაიტანდა, ვილიამ ჰავილის ბურთზე ხელი რომ არ ჩაერტყა. შედეგად, ტონგელთა მგეზავი სინბინით, გუნდი კი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა – 14:0.
ტაბუცაძემ თავისი 41-ე ლელო მოგვიანებით გაიტანა. მანამდე, 68-ე წუთზე მატკავამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, 4 წუთში კი ტაბუცაძემ 41-ე ლელოსთვის გაინავარდა. მაგარი დაცვის ფონზე ტონგელებმა ბურთი ჩვენს 22-ში დაკარგეს, ნინიაშვილმა ის განი-გან ატარა და გიორგი კვესელაძე მოძებნა, რომელმაც სწრაფად ჩართო საქმეში ტაბუცაძე, რომლის 80-მეტრიანი სპრინტი ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.
დასკვნით წუთებში მოედანზე ერთხელაც დავრჩით კაცნაკლული. სახიფათო ბოჭვისთვის წითელი ბარათი ლუკა ნიორაძემ მიიღო. ტონგამ რიცხობრივი უპირატესობით გაწთლებულ დროზე ისარგებლა, გარდასახული ლელო გაიტანა და საქართველომ 22:7 გაიმარჯვა.
2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩები
24 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო – ტონგა 22:7 (0:0)
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. სანდრო მამამთავრიშვილი; 22. გელა აფრასიძე, 23. გიორგი შველიძე.
3 ლელო: თოდუა, საჯარიმო, ტაბუცაძე
1 გარდასახვა: მატკავა
1 ჯარიმა: მატკავა
1 სინბინი: მამაიაშვილი
1 წითელი: ნიორაძე





