იტალიურმა UDInESEBLOg-მა ,,სამგურალის” მთავარ მწვრთნელ როდოლფო ვანოლისთან ინტერვიუ ჩაწერა. ვანოლი გასული საუკუნის 90-იან წლებში ,,უდინეზეს” ღირსებას იცავდა, შემდეგ კი აღნიშნული კლუბის ტექნიკური დირექტორი და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო. იტალიელი სპეციალისტი ინტერვიუში ,,სამგურალის” შესახებაც საუბრობს:
რუდოლფო ვანოლი: „მიყვარს ჩემი საქმე და თავს აქ შესანიშნავად ვგრძნობ. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. საქართველოში ფეხბურთი ვითარდება, აქ ბევრი კარგი ფეხბურთელია. კლუბის პრეზიდენტი (მიხეილ იაშვილი) მხარში მიდგას.
შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ, მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე, კლუბის პრეზიდენტი იტალიაში ჩემთან შესახვედრად ჩამოვიდა. ეს არის მნიშვნელოვანი და ბევრის მთქმელი დეტალი.
სამგურალის” პრეზიდენტს კლუბში ახალი მენტალიტეტის შემოტანა სურს. მეც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით კლუბს დავეხმარო. როგორც ვთქვი, აქ ფეხბურთი ვითარდება. ჩვენს გუნდშიც არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებიც, ჩემი აზრით, იტალიაშიც კარგად ითამაშებენ. გავიხსენოთ, რომ ქართველების ,,კერპი” ხვიჩა კვარაცხელია, სწორედ საქართველოს ჩემპიონატიდან მოვიდა სერია A- ში.
მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო მომავალ წელს სამეულისთვის ბრძოლას ვაპირებთ.
ჩვენ ახლახან მოვიგეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა უშუალო კონკურენტთან (,,გაგრასთან” 4:2). ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და მისი მოგებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შაბათს კიდევ ერთი პრინციპული მატჩი გვექნება (,,სამტრედიასთან”). მჯერა ჩემი გუნდის და იმედიანად ვარ განწყობილი”.





