რამაზ სვანაძე: “კარგია, რომ ხორვატიაში მოგებულები ჩავალთ”

0
48

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის აზრით, ხორვატიაში გამარჯვებული ჩასვლა კარგია, მაგრამ ყველაფერი მაინც საპასუხო მატჩში გადაწყდება. მან ამის შესახებ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში თბილისში ბალკანელების 1:0 დამარცხების შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოვიდა. ხარისხიან გუნდს ვეთამაშეთ. ველოდით კიდეც, რომ ყველაფერი მეორე თამაშში გადაწყდებოდა და ეს ასეც იქნება. გვინდოდა, რომ მეორე ტაიმში კიდევ ერთი გაგვეტანა, თუმცა კარგია, რომ ხორვატიაში მოგებულები ჩავალთ.
შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ქართველი ხალხის გასახარებლად. თავიდან ეს ყველაფერი რეალური არ ჩანდა, თუმცა შევიკარით როგორც გუნდი და შედეგიც სახეზეა. ფეხბურთელებისთვის დიდი ასპარეზი იშლება და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვერ ვიტყვი, რა იქნება საპასუხო მატჩში. გასვლითი თამაში სხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული და უნდა მოვემზადოთ. აზაროვის ტრავმას რაც შეეხება, ერთი შეხედვით დაზიანება მძიმე არ ჩანს. შეფასდება მისი მდგომარეობა.
შეცვლები თავიდან ბოლომდე შეტევის გაძლიერებისკენ იყო მიმართული. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. ჩვენ გვაქვს პრობლემები სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით. იგივე სიგუა სულ ახლახან დაბრუნდა ტრავმიდან. ჩვენი ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ და იმედი მაქვს. ეს შრომა დაფასდება.
მინდა აღვნიშნო, რომ სიგუა ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა. ბევრი გაუცდა და არ არის მარტივი, რაც მან დღეს გააკეთა. უნდა შეფასდეს მისი მდგომარეობა და ვეცდებით, სათამაშო დრო გავუზარდოთ. კვერნაძე დღეს კარგი იყო, თუმცა მისგან დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტს ველით.
რეალურად, ველოდით ასეთ მეტოქეს. იყო რამდენიმე ცვლილება – ჩვენთან უფრო სწრაფ ფეხბურთზე გააკეთეს აქცენტი. ვიცოდით, რომ მათ ჰყავთ მაღალი დონის ფეხბურთელები, თუმცა მინდა ვთქვა, რომ შრომით, სწორი მიდგომით და მაყურებლის დახმარებით ბევრი რამ მიღწევადია. ჩვენ ასე ვაპირებთ გაგრძელებას. აქამდე ამით მოვედით, ბევრი ისეთი შედეგი დავდეთ, რომელსაც ხალხი არ ელოდა. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
ლაშა თაბაგარი