პირველი მატჩი მოგებულია – ხორვატიაში ურთულესი ბრძოლა იქნება

0
54

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შინ ხორვატიის საკმაოდ მაღალი დონის გუნდთან მინიმალური ანგარიშით მოიგო. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი და საურდენი ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე მოისაკლისა. მან დაცვის ცენტრში ლუკა ლაცაბიძე დააყენა, რომელიც თავის კლუბში ნახევარდაცვაში თამაშობს.
მატჩის მე-4 წუთზე მასპინძლების შეტევის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი კვერნაძემ მარჯვენა ფლანგიდან პასი საბა მამაცაშვილს გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 18 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მეკარის ხელიდან გავარდნილი ბურთისთვის გიზო მამაგეიშვილმა ბოლომდე იბრძოლა, ხოლო ყოველივე სოლდოს ავტოგოლით დასრულდა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან 10 წუთში საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ზვორანეკი ორ მცველს გაექცა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში ბადელმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ლუკა ხარატიშვილმა ხელებში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელიც მცველმა მოიგერია.
27-ე წუთზე ხარატიშვილის პირისპირ გასულმა ფრიგანმა ახალო მანძილიდან თავით კარს ააცილა და ანგარიშის გათანაბრების ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა. ამ ეპიზოდში ხარატიშვილმა კარიდან გამოსვლა დააგვიანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში ქართველი მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოს გარეთ წინ გამოსულბა ხორვატების მეკარემ ცუდად გააჩერა და კვერნაძემ აართვა, რომელიც ჩავლინამ აკრძალური ილეთით შეაჩერა. მსაჯმა სტუმრების კარის დარაჯი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. 71-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა კუთხური ჩააწოდა და ხორვატმა მცველმა კინაღამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა, მაგრამ მეკარემ გადაარჩინა. 74-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ მეტოქის საჯარიმოში ვარდნაში მცველს ბურთი აართვა, თუმცა, მახვილი კუთხიდან არ დაარტყა და კარგი გადაცემაც ვერ გააკეთა, რის გამო, ხელსაყრელი მომენტი განიავდა.
82-ე წუთზე ჩვენი გუნდის შეტევა ლაშა ოდიშარიამ საჯარიმოს სიახლოვედან დარტყმით დაასრულა, მაგრამ მეკარე ბურთს დაეუფლა. 85-ე წუთზე კვერნაძემ ბალკანელების საჯარიმოში ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი და შემოტრიალებით დაარტყა, თუმცა გოლკიპერმა დამაჯერებლად ითამაშა. 90-ე წუთზე აზაროვს კუნთი დაეჭიმა და შეცვალეს.
საქართველოს ნაკრები საპასუხო მატჩს 19 ნოემბერს ქალაქ რუევიცაში ჩაატარებს და არწაგების შემთხვევაში არსებობის ისტორიაში მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
საქართველო – ხორვატია 1:0 (1:0)
15 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, ლაცაბიძე, უგრეხელიძე, აზაროვი (კ) (მორჩილაძე 90), გაგნიძე, ოდიშარია, ოთარ მამაგეიშვილი (გორდრზიანი 75), გიზო მამაგეიშვილი (სიგუა 66), მამაცაშვილი (აბუაშვილი 66), კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
ხორვატია: ჩავლინა (კ), ოვიანოვიჩი, ბადელი, ვუშკოვჩი, ვალინჩიჩი, ზვონარეკი (კოლიჩი 63), სოლდო, ჰოჯა (ბარზიჩი, 90+5), ივანოვიჩი (შოტიჩეკი 59), ფრიგანი (ბიუკი 59), სტოიკოვიჩი (კრნაცი 59).
მთავარი მწვრთნელი: ივიცა ოლიჩი.
გოლი: 1:0 სოლდო (საკ.კარში).
გაფრთხილება: უგრეხელიძე (11), სტოიკოვიჩი (36), ივანოვიჩი (58), კრნაცი (61), ბადელი (84).
გაძევება: ჩავლინა (61).
მთავარი მსაჯი: ადამ ლადებეკი (შვედეთი)