ვილი სანიოლი: “სკოლაში მათემატიკას ცუდად ვსწავლობდი”

0
48

ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში 16 ნოემბერს უკრაინასთან ბათუმში გასამართ მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იხუმრა, რომ სკოლაში მათემატიკას ცუდად სწავლობდა და ამიტომ, არ იცის ჯგუფის მოსაგებად რამდენი ქულაა საჭირო.
ვილი სანიოლი: “რა თქმა უნდა, შეტევაში ხშირად თამაში ჩვენც გვინდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. წინა თვესთან შედარებით მეტი აგრესიით უნდა ვითამაშოთ, ეს გამოსასწორებელია. საბა გოგლიჩიძე ტრავმირებულია, ხოლო ლაშა დვალს დისკვალიფიკაცია აქვს, ამიტომ მათი შეცვლა მოგვიწევს.
ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავი გვყავს, მომავალში იქნება გარკვეულწილად თაობათა ცვლილებაც. ამხანაგური მატჩების რაოდენობა ძალიან შემცირდა, რაც ართულებს ახალგაზრდა ფეხბურთელების გუნდში ინტეგრირებას. თამაშიდან თამაშამდე ვართ ორიენტირებული, ერთა ლიგის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გავაკეთებთ აქცენტს.
სკოლაში ცუდად ვსწავლობდი. არ ვიცი, რამდენი ქულაა საჭირო ამ ჯგუფის მოსაგებად, მარტო ის ვიცი, რომ ორივე თამაშის მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ. თუმცა, ჩემთვის მთავარი შედეგი არაა, მთავარია, გუნდმა კარგი თამაში აჩვენოს“.
პრესკონფერენციაში ჩვენი ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკიცირიც მონაწილეობდა, რომელმაც შემდეგი თქვა:
“ნაკრები დღითიდღე იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ საკუთარი ძალის. თუმცა, ფეხბურთში თავდაჯერება იცვლება შედეგებიდან გამომდინარე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო ორი მატჩის შემდეგ ჩვენი თავდაჯერება არ შეცვლილა და იმედია, ხვალ ამას ვაჩვენებთ.
მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. მგონი ამ გუნდს ეს შეუძლია. ფეხბურთში, კარგი გაგებით სითავხედე საჭიროა, უამისოდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. თავდაჯერება და სითავხედე აუცილებელია, რომ არავის შეუშინდე. საჭიროა ამ ბალანსის პოვნა და მგონი გუნდს ეს აქვს. ამ ნაკრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ისაა, რომ არავისი გვეშინია. ფეხბურთში ყველანაირი შედეგი შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა იყოს ისეთი, როგორიც ამ ნაკრებს შეესაბამება”.
საქართველოს-უკრაინის დაპირისპირება ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. სანიოლის შეგირდება 6 ქულა აქვთ და ლიდერ ჩეხეთს, რომელიც სტუმრად ალბანეთს (6 ქულა( ეთამაშება ქულით ჩამორჩება. უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.