საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 11 ნოემბერს, ჩვენი გუნდი საგურამოში შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.
შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოახლოებული მომდევნო მატჩების შესახებ ლევან შენგელიამ ისაუბრა.
ლევან შენგელია „კონცენტრირებულები ვართ მომდევნო ორი მატჩის მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩასატარებლად. გვსურს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭირო შედეგი დავაფიქსიროთ.
პირველი მატჩი უკრაინასთან გველის და მაქსიმუმს გავაკეთებთ ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად. ჩვენ კი, დადებითი განწყობით შევხვდებით ჩეხეთში ჩასატარებელ დასკვნით თამაშს, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება.
ნაკრების სხვადასხვა ქალაქში თამაში ძალიან კარგია, რადგან გულშემატკივარს მაქსიმალურად ეძლევა ნაკრების ხილვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ბათუმში ძალიან კარგი გულშემატკივრობა იქნება“.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები სრულად 12 ნოემბრიდან შეიკრიბება.
ლაშა თაბაგარი





