ანზორ მექვაბიშვილი: “მთავარია დავიბრუნოთ ის, რაც მანამდე გვქონდა”

0
75

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 11 ნოემბერს, ჩვენი გუნდი საგურამოში შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.
შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოახლოებული მომდევნო მატჩების შესახებ ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა.
ანზორ მექვაბიშვილი:„ზუსტად ორი თვე გამიცდა და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომერჩინა ტრავმა. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და მზად ვარ ნებისმიერ მომენტში დავეხმარო ნაკრებს.
მთავარია, მომდევნო მატჩებში შევინარჩუნოთ ის თამაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე და სექტემბერში გვქონდა. მცირე ჩავარდნა და უიღბლობაც იყო, თუმცა მთავარია, რომ დავიბრუნოთ ის, რაც მანამდე გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ძალიან კარგია ქვეყნისთვის, როდესაც ნაკრები არა მხოლოდ დედაქალაქში თამაშობს. განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც ბათუმში ან ახლოს ცხოვრობს და შეძლებს თამაშზე მოსვლას. განსხვავებული ატმოსფერო იქნება, რაც აუცილებლად დაეხმარება ნაკრებს. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს”.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები სრულად 12 ნოემბრიდან შეიკრიბება.
ლაშა თაბაგარი