ინგლისის „უოტფორდში“ გადასვლის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დაასახელეს. ჩემპიონშიფის მე-15 ტურში „უოტფორდმა“ „ოქსფორდი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცველლად ითამაშა და შეხვედრის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი დამსახურებულად მიიღო.
ჩაკვეტაძეს ორჯერ გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც ჯერ კუთხურიდან პირდაპირ კარში „ჩაახვია“ ბურთი, ხოლო შემდეგ თავისი წამოწყებული იერიში შორი მანძილიდან დარტყმით დაასრულა, მაგრამ ორივე შემთხვევაში სტუმართა მეკარემ იყოჩაღა. გარდა ამისა, მისი ძალიან მწვავე გადაცემის შემდეგ მასპინძლების ფეხბურთელის თავით დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ქართველმა ლეგიონერი „უოტფორდის“ სასარგებლოდ დანიშნულ ყველა კუთხურს ასრულებდა, არაერთი კარგი დრიბლინგი განახორციელა და მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე მწვავე პასიც გააკეთა. ერთ ეპიზოდში ის „ოქსფორდის“ საჯარიმოშიც წააქციეს და მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. „უოტფორდიდან“ ერთადერთი გოლი ბაიომ გაიტანა.
ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში თხუთმეტივე მატჩი სასტარტოში დაიწყო – 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. “უოტფორდი” 25 ქულით 24 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





