დავითაშვილის საშინაო მარცხი, გუგეშაშვილის პირველი „მშრალი“ მატჩი

0
13

„სენტ-ეტიენმა“, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში თავის მოედანზე „ლანსს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „სენტ-ეტიენი“ 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში „კრაკოვიამ“ პოზნანის „ლეხი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. მასპინძლებს ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად უკაპიტნა და მე-18 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კრაკოვია“ 23 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
საბერძენთის სუპერლიგის მე-8 ტურში „პანსერაიკოსმა“ გასვლაზე „ვოლოსს“ 1:0 აჯობა.  მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და თავის ანგარიშზე 7 მოგერიება ჩაიწერა. ის საბერძნეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და გოლი პირველად არ გაუშვა. „პანსერაიკოსი“ 7 ქულით 14 გუნდში მეათეა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში მტკ „დიოშდიორს“ ეწვია და 2:0 აჯობა. სტუმრებში ქართველმა მცველმა ილია ბერიაშვილმა 90 წუთი გაატარა. მტკ 18 ქულით 12 გუნდიან ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი