ერთა ლიგის B ლიგის საუცხოოდ დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო. ამჯერად, ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შინ ალბანეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდს ორი ტაიმის განმავლობაში დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა და სახიფათო მომენტებიც მეტოქეზე მეტი შექმნა, მაინც უქულოდ დარჩა, ცნობისთვის,, ალბანელებმა საქართველოში ჩატარებულ ოფიციალურ თუ ამხანაგურ შეხვედრაში პირველად გაიმარჯვეს. მანამდე, მათ თბილისში გოლიც არ გაუტანიათ. მატჩის დაწყებამდე ალბანეთის ჰიმნს ქართველი ქომაგები ტაშით შეხვდნენ, ეს იმ ფონზე, რომ ტირანაში ადგილობროვმა გულშემატკივრებმა საქართველოს ჰიმნს უსტვინეს.
პირველ ჯგუფში ჩატარებულ სამ მატჩთან შედარებით, სანიოლმა ტაქტიკა შეცვალა, გიორგი გველესიანი სასტარტოში ვერ მოხვდა და დაცვის ხაზი ასე გამოიყურებოდა: ცენტრში გურამ კაშია და ლასა დვალი, მარჯვნიდან ოთარ კაკაბაძე, ხოლო მარცხნიდან ლუკა ლოჩოშვილი. ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი მოქმედებდნენ, თავდასხმის ხაზი კი ასე გამოიყურებოდა – მარჯვნიდან გიორგი მიქაუტაძე, მარცხნიდან ხვიჩა კვაარცხელია, ცენტრში ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.
მატჩის მე-5 წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის ნახევარზე კარგი პასი მისცა კაკაბაძეს, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ზივზივაძემ ახლო მანძილიდან ვარდნაში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. მე-11 წუთზე დავითაშვილი ალბანელთა ნახევარზე ორ მოწინააღმდეგს გაექცა და საჯარიმოს ხაზიდან ახლო კუთხეში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ნახტომში ბურთი მოიგერია. ამ ეპიზოდში მას პასის მიცემა მარტო მდგომი კვარაცხელიასთვისაც შეეძლო.
მე-14 წუთზე ალბანელთა შეტევის დროს საჯარიმოში მარჯვნიდან ისმაილი შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – მამარდაშვილმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო. ტაიმის ბოლო წუთზე დავითაშვილი მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მეტოქის საჯარიმოში შესულმა სუსტად დაარტყა, რის გამო, მეკარეს ბურთი დაჭერა არ გაჭირვებია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში კაკაბაძემ მარცხენა ფლანგზე ვერაფრით გააჩერა ბაირამი, რომელიც საჯარიმოში შევიდა და პასი ასლანის მისცა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით მამარდაშვილისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 0:1. ამ მომენტში კიტეიშვილმა ასლანიზე გადასვლა დააგვიანა.
57-ე წუთზე ასლანიმ ზუსტი პასი გაუკეთა ჩვენი გუნდის საჯარიმოში ბაირამის, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. ანგარიშის გახსნის შემდეგ, ალბანელები დროის გაყვანას მაქსიმალურად ცდილობდნენ და არაფერს ერიდებოდნენ.
64-ე წუთზე წუთზე შეტევაში ჩართულმა კაკაბაძემ მარჯვნიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ზივზივაძემ თავით ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. ხუთ წუთში ასლანიმ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი კართან ჩაჰკიდა და დაკუმ თავით ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. 71-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში დავითაშვილი-კვარაცხელია- მიქაუტაძის სამსვლიანი, ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა და მეკარემ ბურთი მოიგერია, თუმცა მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან დაამატა და ისევ სტრაკოშამ იყოჩაღა.
74-ე წუთზე დვალმა თავის საჯარიმოში ბურთი ბაირამის „ჩააბარა“, რომელმაც საჩუქარი ვერ გამოიყენა და შეუჩერებლად ცუდად დაარტყა, ხოლო მამარდაშვილი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. ორ წუთში დავითაშვილი ალბანელთა საჯარიმოში წაიქცა და ჩვენი გუნდის როგორც ფეხბურთელები, ასევე სამწვრთნელო შტაბი პენალტის დანიშნვნას ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარად განსაჯა, სანიოლი კი ყვითელი ბარათით დასაჯა. შეხვედრაში ბოლო სახიფათო მომენტი საქართველომ შექმნა, როდესაც ჯარიმის შესრულების დროს კვარაცხელიამ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და კაშიამ თავით ზუსტად ვერ დაარტყა.
თამაშის შემდეგ, ალბანელები სიხარულს ვერ მალავდნენ და გამარჯვება თავის გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს, რომლებიც ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ გულმხურვალედ ქომაგობდნენ.
ჩვენმა ქომაგებმა ტაშით გააცილეს საქართველოს ნაკრების ნირწამხდარი ფეხბურთელები, რომელთაც მოედანს წრე დაარტყეს. სანიოლის შეგირდებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თბილისში ბოლო მატჩი ჩაატარეს და 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას უმასპინძლებენ.
ამ მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-2 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო ლიდერი ჩეხეთი გახდა, რომელმაც უკრაინასთან სტუმრად 1:1 ითამაშა და 7 ქულა აქვს.
საქართველო – ალბანეთი 0:1 (0:0)
14 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 81); დავითაშვილი (შენგელია 90), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ალბანეთი: სტრაკოშა, ბალიუ, ისმაილი აჯეტი მიტაი, ასლანი, რამადანი, ასანი, ბაირამი (სეფერი 77), ლაჩი, ტუჩი (დაკუ 66)
მთავარი მწვრთნელი; სილვინიო.
გოლი: 0:1 ასლანი (48)
გაფრთხილება: დვალი (77), ბაირამი (77), მიტაი (90), ლაჩი (90)
მთავარი მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)
ლაშა თაბაგარი
