კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა თბილისის „იბერიამ“, რომელსაც ლევან კორღალიზე წვრთნის, „გაგრა“ მიიღო და ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა.
|მატჩის მე-5 წუთზე თბილისელთა ნახევარზე მყოფმა ლევან გეგეჭკორმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში გიორგი ხარებაშვილს, რომელმაც ცენტრალური მცველების პოზიციური შეცდომით ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა -0:1.
84-ე წუთზე გაგრელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი გიზო მამაგეიშვილი მცველ ირაკლი იაკობიძესთან ორთაბრზოლის დროს წაიქცა და მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ, თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ ბურთი სტუმართა ნახევარზე მიიღო და გაგრელთა კარის შორეულ ძელთან პასი ოთარ მამაგეიშვილა გაუკეთა, რომელმაც თავით დაარტყა და ანგარიშის გასათანაბრებლად ცოტა დააკლდა. მსაჯმა ძირითად დროს 7 წუთი დაამატა.
შეხვედრის ბოლო წუთზე „იბერიას“ ფეხბურთელებმა კუთხური გაითამაშეს და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, იური ტაბატაძემ თავით სახიფათო დაარტყა და „გაგრას“ უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ თავის გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წამში კარიდან თითქმის მოედნის ცენტრამდე აწეულმა მეკარე გიორგი მაკარიძემ სტუმართა მარცხენა ფრთაზე კოხრეიძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში გააკეთა პასი, ხოლო კარის შორეულ ძელთა ბურთს შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ მიასწრო, რომელმაც „იბერიას“ ქულა გადაურჩინა – 1:1.
„იბერია“ 49 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „გაგრას“ 25 ქულა აქვს და მერვეა.
იბერია 1999 1:1 გაგრა
ლაშა თაბაგარი
