‘შავმა ლომმა’ ევროპის სამხრეთ-დასავლეთის ტურნეზე ქულათა მაქსიმუმი (10) მოიპოვა და რაგბი ევროპის ზედიზედ მე-4 ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ესპანური ‘იბერიანსის’ დიდი სხვაობით (54:3) დამარცხების შემდეგ, რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშსაც’ დამაჯერებლად, ბონუს-ქულით სძლიეს. მათ ლისაბონში მასპინძლებს 6 ლელო გაუტანეს და მეორე ტაიმის დასაწყისში 38:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მოეშვნენ და საბოლოოდ 38:14 იმარჯვეს.
‘შავი ლომი’ უდიდეს უპირატესობას ფლობდა ძალისმიერ თამაშში, კონტაქტის არეში და ლელოთა უმეტესობა შეჯგუფებებიდან გავიდა. ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც მოლმა 8-10 მეტრი დაფარა და ბურთი ირაკლი ქვათაძემ დაამიწა. მე-12 წუთზე ოვალი მარჯვენა ფრთაზე, აკაკი ტაბუცაძეზე გავიდა, რომელმაც სისწრაფე აკრიფა და მას ვეღარავინ დაეწია.
ტაიმის შუაში აგორებულმა მოლმა უკვე 20-21 მეტრი დაფარა და ქვათაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა. ტაიმის ბოლოს გიორგი ჩხარტიშვილის ჯერი დადგა. 35-ე წუთზე ‘ლუზიტანუშმა’ მოლის შეჩერება მოახერხა, მაგრამ ქართველი ბურჯის მიძალებას ვეღარაფერი დაუპირისპირა. ბოლო წუთზე ლუკა ივანიშვილმა შეუტია და ლელომდე მილიმეტრები დააკლდა, თუმცა იქვე ჩხარტიშვილი გაჩნდა. ლუკა მატკავამ 5-იდან 4 გარდასახვა გამოიყენა – 33:0.
მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, რამაც მოთამაშეთა განწყობაზე იმოქმედა, თუმცა 45-ე წუთზე სტუმრებმა მორიგი ლელო გაიტანეს. პორტუგალიელები ლელოდან 5 მეტრში დაჯარიმდნენ, თენგიზ პერანიძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა, ხაზი გაჭრა და უპირატესობა 38 ქულამდე გაზარდა.
‘ლუზიტანუშმა’ პირველი საპასუხო ლელო მე-60-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ფეხით შეცურებულ ბურთს ჟოზე პაივა დოს სანტოში შეყვა, მერე კი კონტრშეტევაზე მეორედ იხეირა – 38:14.
რაგბი ევროპის სუპერ თასზე ‘შავ ლომს’ კიდევ ორი შეხვედრა ელის – 28 სექტემბერს „ავჭალაზე“ ესპანურ ‘იბერიანსს’, ხოლო 12 ოქტომბერს პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ დაუხვდება.
რაგბი ევროპის სუპერ თასი 2024
A ჯგუფი. III ტური
21 სექტემბერი. შაბათი.
ლისაბონი. Estadio Nacional Jamor
ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო) 14:38 (0:33)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.
6 ლელო: ქვათაძე (1, 3), ტაბუცაძე, ჩხარტიშვილი (4, 5), პერანიძე
4 გარდასახვა: მატკავა
