საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ნახევარფინალისტი გაირკვა. 1/4-ფინალში ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა, რომელსაც უკრაინელი ანდრეი დემჩენკო ავარჯიშებს და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა მიუხედავად იმისა, რომ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს ორ ეპიზოდში ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდათ. 52-ე წუთზე განელმა ბესნონ ანანგმა მეტოქის ნახევარზე აუტი ჩააწოდა და ბურთი პირდაპირ საჯარიმოში ჩააგდო, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა სოლომონ კვერკველიამ მოიგო, რომლის პასის მერე დავით გოცირიძემ თავით ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 1:0.
შეხვედრის ძირითდი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, ბათუმელთა გარემარბმა რევაზ ინჯგიამ მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაში მიიღო ბურთი, რომელიც შორეულ კუთხეში „მოჭრა“ და გოლის გატანას ცოტა დააკლდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი სპაერი, რომელმაც თავის მოედანზე „თელავი“ 4;3 დაამარცხა. ასევე, ნახევარფინალში ითამაშებს სტუმრად დამატებით დროში „გარეჯის“ 2:1 მძლეველი კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ფოთის „კოლხეთი“. კიდევ ერთი ნახევარფინალისტის 22 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც თბილისის „დინამო 2“ თავის მოედანზე „გაგრას“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი
